ნოტრ-დამი, ვერსალი და კონსპირაციების ალში გახვეული საფრანგეთი
2019 წლის 15 აპრილის საღამო იყო, სოციალური ქსელები პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარზე გაზიარებული პოსტებით გადაივსო. ვინც პარიზში არ ყოფილა, Facebook live-ის საშუალებით მაინც შეესწრო, როგორ ჩამოიშალა ტაძრის მთავარი კოშკი. ზოგიერთი უბრალოდ შოკირებული იყო, ზოგიც ექსპერტობდა ან „შერლოკ ჰოლმსობდა". მეც აქტიურად ვადევნებდი სიახლეებს თვალყურს და იმედს ვიტოვებდი, რომ ტაძრის ძირითადი ნაწილი მაინც გადარჩებოდა.
ბუნებრივია, ყველას გაუჩნდა კითხვა, თუ როგორ დაიწყო ხანძარი. ცეცხლის გაჩენიდან რამდენიმე საათში, როდესაც მიზეზთან დაკავშირებით საფრანგეთის ოფიციალური პირებისგან ჯერ კიდევ არ იყო განცხადება გაკეთებული, სოციალურ ქსელებში კონსპირაციის თეორიები საკმაოდ ოპერატიულად გავრცელდა. დეზინფორმაციებს უმეტესად ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფები ავრცელებდნენ, რომელთაგანაც 2 ძირითადი ნარატივი შეინიშნებოდა:

1. ეს არის მორიგი ტერორისტული აქტი. ცეცხლი მუსლიმებმა განზრახ გააჩინეს.

2. ხანძარი ღვთისგან მოვლენილი სასჯელია, რომელიც საფრანგეთს ქრისტიანული ღირებულებების უარყოფისთვის დაატყდა თავს.



ანტი-მუსლიმური განწყობების გაღვივება ულტრა-ნაციონალისტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომაც ნოტრ-დამის შემთხვევაში, ისინი ძირითადად ზემოთხსენებულ პირველ ნარატივს აჟღერებდნენ. ცალსახა დეზინფორმაციების გავრცელების გარდა, ულტრა-მემარჯვენეები მანიპულაციური მეთოდებით ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მუსლიმები პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარს სოციალურ ქსელებში ზეიმობდნენ. მაგალითად მოიყვანეს ვიდეო, რომელზეც არაბულენოვანი გვარების მქონე ფეისბუქ მომხმარებლები „სიცილის რეაქციებს" ტოვებდნენ.

ამ პოსტის ნახვის შემდეგ, ფეისბუქზე ვიდეო მოვძებნე და გადავწყვიტე შემემოწმებინა პროფილები, რომლებიც სიცილის რეაქციებს წერდნენ. რა თქმა უნდა, 1000-ზე მეტი პროფილის შემოწმება ძალიან რთულია, თუმცა რამდენიმე ათეულამდე მაინც ვნახე შემთხვევითობის პრინციპით და ცალსახად შეუძლებელი აღმოჩნდა იმის დადგენა, ეკუთვნოდა თუ არა ყველა ფეისბუქ ანგარიში მუსლიმს. მათ შორის აღმოჩნდნენ ინდოელებიც, ესპანელებიც და ასევე ისეთი გვერდები, რომლებიც დიდი ალბათობით "ტროლები" იყვნენ. ამასთანავე, მსგავსი სახელით და გვარით შექმნილი ანგარიშები ვიდეოზე "სიცილის" გარდა აფიქსირებდნენ სხვა რეაქციებსაც, შესაბამისად იმის მტკიცება, რომ მუსლიმებს ტაძრის დაწვა გაუხარდათ, მხოლოდ და მხოლოდ ანტი-მუსლიმური განწყობების შექმნას ისახავდა მიზნად.
საინტერესოა, რა პასუხი ექნებოდა პოლ ჯოზეფ უოტსონს იმ ფაქტზე, რომ არაბულად ჟღერადი სახელისა და გვარის მქონე პირები სიცილის რეაქციებს ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებულ ვიდეოზეც ტოვებდნენ. ტერაქტი ამჯერად ჩადენილი იყო მეჩეთში, ავსტრალიელი მამაკაცის მიერ, რის შედეგადაც 51 მუსლიმი გარდაიცვალა, 50-მდე კი დაშავდა.

პოლ ჯოზეფ უოტსონი (Paul Joseph Watson), რომელმაც ნოტრ-დამზე "ფეისბუქ რეაქციების" შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, ბრიტანელი ულტრა-მემარჯვენე იუთუბერი და კონსპირაციული თეორიების ერთ-ერთი ცნობილი ვებ-გვერდის, Infowars.com-ის რეპორტიორია. შეიძლება ითქვას, რომ უოტსონი რადიო წამყვან ალექს ჯონსთან (Alex Jones) ერთად ინტერნეტ სივრცის მთავარი დეზინფორმატორი და სპეკულატორი გახლდათ ნოტრ-დამის გარშემო დატრიალებულ მოვლენებში. სწორედ ალექს ჯონსს ეკუთვნის ვებ-გვერდი Infowars.com.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ 2 მაისს Facebook-მა და Instagram-მა სიძულვილის ენის გამო ორივე მემარჯვენე ექსტრემისტი დაბლოკა, ჯონსიც და უოტსონიც.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი ევროპელ ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსებსაც არ გამორჩენიათ და თავიანთი ანტი-იმიგრაციული კამპანიისთვის გამოიყენეს.
თავისი ვერსია შემოგვთავაზა ქართველმა ულტრა-მემარჯვენე აქტივისტმა, ბექა ვარდოსანიძემაც, რომელიც კონსპირაციების ზემოთხსენებულ მეორე ნარატივს გაჰყვა ანუ საფრანგეთმა პასუხი აგო ზედმეტად ლიბერალური პოლიტიკისა და ქრისტიანული პრინციპებიდან გადახვევის გამო.

პარიზში მიმდინარე მოვლენები რუსეთშიც საკუთარი ინტერპრეტაციებით განიხილეს
რუსულმა ტელეკომპანია REN TV-მ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია, სათაურით "ნოტრ-დამის ცეცხლი მთელს ევროპას დაწვავს" (Огонь Нотр-Дама подожжет всю Европу).

აღნიშნული სტატია საინტერესოა იმ მხრივ, რომ კარგი ნიმუშია რუსეთის ანტიდასავლური პროპაგანდის. ამ შემთხვევაში ავტორი არ ამტკიცებს, რომ ხანძარი განზრახ გაჩნდა და ამ ფაქტში დამნაშავე მუსლიმები იყვნენ, მისი თქმით ეს უბრალოდ ერთ-ერთი მოსაზრებაა და რეალურად ტაძრის დაწვის ამბავი უფრო სიღრმისეული და სიმბოლურია: ძველი ევროპა გაქრა, დიდი ხანია, რაც იქ აშშ-ის დიქტატურა დამყარდა, რამაც ინტერნაციონალიზმის ნაცვლად მულტიკულტურალიზმი დაამკვიდრა. სტატიაში ავტორი ავითარებს მოსაზრებას, რომ ამერიკამ ევროპაში არასწორი ღირებულებები გაავრცელა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი კი, იყო ეს შემთხვევითობა თუ არა, მაინც კარგი სიმბოლური მაგალითია იმისა, რომ ახალი ევროპა ძველი ევროპისგან განსხვავდება.

სიმბოლიზმის ნარატივი, რომელიც "ევროპის დაცემას" ეხება, სოციალურ ქსელში რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა, ქსენია სობჩაკმაც გააჟღერა. პოლიტიკოსმა ასევე გვაცნობა, რომ "შედევრები უღირსებს არ ემსახურებიან" და ეს მოვლენა სრულიად ბუნებრივია, ქვეყანაში, სადაც ყოველ მეხუთეს "მუჰამედი" ჰქვია.

მსგავსი შინაარსის სტატიები არაერთ რუსულ ონლაინ გამოცემაში შეგვიძლია ამოვიკითხოთ.
ნოტრ-დამის ხანძარზე კონსპირაციების უშრეტი ფანტაზია ჯერაც არ იყო ამოწურული, როცა 23 აპრილს პარიზის მახლობლად მეორე ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი ვერსალის სასახლიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ავტოფარეხს მოედო, თუმცა დეზინფორმაციის მანქანამ აქაც იმუშავა და ეს ფაქტიც ისე წარმოჩინდა, თითქოს ვერსალის სასახლე იწვოდა. ამჯერად გადავწყვიტე სოციალურ ქსელში ქართველი მომხმარებლების პოსტებს გავცნობოდი.

რა თქმა უნდა, ნოტრ-დამი და ვერსალი არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ტრაგიკულ ამბებს პოლიტიკური და იდეოლოგიური შეხედულებების გასავრცელებლად იყენებენ. ულტრა-მემარჯვენეების მხრიდან მუსლიმებისადმი სიძულვილის გაღვივების მცდელობა განსაკუთრებით საყურადღებო ფაქტია და სოციალური ქსელები დეზინფორმაციის სწრაფი გავრცელებისთვის წარმატებულად გამოიყენება. გვაქვს კი რაიმე ბერკეტი იმისათვის, რომ ხელი შევუშალოთ დესტრუქციულ პროცესებს?

ამა წლის 21 აპრილს შრი-ლანკაში ტერორისტული აქტები განხორციელდა, 300-მდე ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა. შრი-ლანკის მთავრობამ გადაწყვიტა სოციალურ ქსელებზე წვდომა დროებით შეეზღუდა, შედეგად 9 დღით დაიბლოკა Instagram, Facebook, WhatsApp, Youtube, Snapchat და Viber. პრეზიდენტის თქმით, სანამ გამოძიება დამნაშავეებს გამოავლენდა, სოციალურ ქსელებზე ბანის დადება აუცილებელი იყო, რათა დეზინფორმაციების გავრცელებასა და ეთნიკური შუღლის გაღვივებას არ ჰქონოდა ადგილი.


რამდენად კარგი იდეაა სოციალური ქსელების დაბლოკვა, აგვარებს თუ არა ეს პრობლემას და როგორ უნდა ებრძოლოს სახელმწიფო Fake News-ებსა და სიძულვილის ენას? - ამასთან დაკავშირებით კიბერუსაფრთხოების ექსპერტს, ანდრო გოცირიძეს, ვთხოვე კომენტარის გაკეთება.

მისი განმარტებით, სოციალური ქსელების დაბლოკვა, ისე როგორც ეს შრი-ლანკას შემთხვევაში მოხდა, პრობლემას არ აგვარებს და მხოლოდ დროებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. დემოკრატიული სახელმწიფო დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ინტელექტუალურად უფრო მაღლა უნდა იდგეს და მოქალაქეების სწორ ინფორმირებას დროულად ახდენდეს. ამისათვის კი საჭიროა, არ არსებობდეს პაუზა კონკრეტულ მოვლენასა და სახელმწიფოს მხრიდან ინფორმირებას შორის, რადგან, როდესაც არსებობს პაუზა, ამით სარგებლობენ შესაბამისი ძალები, რომლებიც ამას არაჯანსაღი მიზნებისთვის იყენებენ.


PhotoCredits: melmagazine.com

ამრიგად, კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა, რომ ულტრა-მემარჯვენე ძალები არ ერიდებიან კრიზისული და ტრაგიკული მოვლენების სათავისოდ გამოყენებას. ფეისბუქი და ტვიტერი კონსპირაციების გასავრცელებლად საუკეთესო პლატფორმებია, თუმცა აქვთ თუ არა კონსპირაციულ გვერდებს არსებობის უფლება? ამას სოციალური ქსელების ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, თავად წყვეტს და ხშირად ბლოკავს კიდეც დეზინფორმაციის გამავრცელებელ ანგარიშებს. ვფიქრობ, დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის შეზღუდვებზე უფრო ეფექტური დეზინფორმატორების აქტიური მხილებაა, ამაში კი ყველა ჩვენგანს შეგვიძლია მცირე წვლილის შეტანა.
ავტორი: მაიკო რატიანი

© All Right Reserved. Tilda Publishing Inc.
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website